Print this page

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის თანამშრომელმა ნესტან გაფრინდაშვილმა მონაწილეობა მიიღო ამერიკული საბჭოების პროფესიული პრაქტიკის პროგრამაში (PFP)

 

2018 წლის 9 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის თანამშრომელი ნესტან გაფრინდაშვილი მიწვეული იქნა საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების პროფესიული პრაქტიკის პროგრამაში (PFP) მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის მიზანს წარმოადგენდა აშშ-ის საკანონმდებლო პროცესისა და სახელმწიფო უწყებების საქმიანობის გაცნობა, ასევე ახალგაზრდა პროფესიონალების ჩართულობით გამოცდილების გაზიარების საფუძველზე მსგავსი გამოწვევების იდენტიფიცირება და პრაქტიკული გადაწყვეტის გზების ძიება.

პროგრამის ფარგლებში ნესტანმა, ერთი მხრივ, გაიარა ვაშინგტონში ლიდერობის ინტენსიური ტრენინგები, მათ შორის, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორის სემ პოტოლიკიოს ლიდერობის კურსი, ასევე დიდრა კომბსის ლიდერობის კურსი, ხოლო, მეორე მხრივ, უშუალოდ პრაქტიკული გამოცდილება მიიღო კალიფორნიის შტატის დედაქალაქ საკრამენტოში; ამასთანავე, პროგრამის დასასრულს დაესწრო პროფესიული პრაქტიკის კონგრესს ვაშინგტონში. საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენელს მიეცა პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა საკრამენტოს აუდიტის სამსახურში (City Auditor Office), რომელიც ითვალისწინებდა ჩართულობას ბიუჯეტის დამოუკიდებელი ანალიტიკური განყოფილების მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებში, მათ შორის, ქალაქის გენდერული და ეთნიკური მრავალფეროვნების აუდიტში. პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდა შეხვედრები აშშ-ის კალიფორნიის შტატის წარმომადგენლობითი ორგანოს საკანონმდებლო ანალიზის ოფისის (Legislative Analyst’s Office) და ცალკეული კომიტეტების წარმომადგენლებთან, რის ფარგლებშიც მოხდა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისსა და შესაბამის უწყებებს შორის გამოცდილებების გაზიარება საკანონმდებლო პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით. მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მნიშვნელოვანია როგორც პირადი პროფესიული, ასევე ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისათვის.

 

გალერეა