Print this page

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საბიუჯეტო ოფისის დელეგაციას უმასპინძლა

 

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი თათია ხეთაგური და საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლები კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს ესტუმრნენ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ბატონი კიმ ჩუნ სუნი და ბიუჯეტის ანალიზისა და ეკონომიკური ანალიზის კოორდინაციის განყოფილებების წარმომადგენლები. საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მაკროეკონომიკური ანალიზისა და საგადასახადო პოლიტიკის განყოფილების უფროსი ვახტანგ ჩალაფეიქრიშვილი და საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობისა და ფინანსური დასაბუთების განყოფილების წარმომადგენლები ნესტან გაფრინდაშვილი და ნათია სუარიშვილი.
შეხვედრაზე განხილულ იქნა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, ფისკალური და მაკროეკონომიკური პოლიტიკის ანალიზისა და საკანონმდებლო ინიციატივების საბიუჯეტო გავლენის შეფასების მიმართულებით არსებული პრაქტიკა. სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის გამოცდილებით მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგნოზების მომზადების მიმართულებით. შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო იმ მექანიზმებს, რომლებიც დაეხმარება ორივე ინსტიტუციას შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის გაღრმავებაში.
თათია ხეთაგურის ინფორმაციით, კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საბიუჯეტო ოფისი დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციებისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისების საერთაშორისო სივრცეში ერთ-ერთ წარმატებულ ინსტიტუციად ითვლება, რომელშიც დასაქმებულია 150-მდე ადამიანი. „მიუხედავად მასშტაბებს შორის განსხვავებისა, ჩვენ მსგავსი მანდატი გვაქვს. ინსტიტუციებს შორის გამოცდილების ურთიერთგაზიარება, განსაკუთრებით მსგავს ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან, საქმიანობის ეფექტიანობის ზრდისათვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. აღნიშნულის გათვალისწინებით სტუმრებთან ასევე ვისაუბრეთ სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) პარლამენტის საბიუჯეტო ოფისებისა და დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციების ჯგუფის ფარგლებში", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსმა.

გალერეა