Print this page

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლები გაერთიანებული სამეფოს საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისის ექსპერტებს შეხვდნენ

 

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და გაერთიანებული სამეფოს საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისის (UK Office of Budget Responsibility) სტრატეგიულ თანამშრომლობის ფარგლებში, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი თათია ხეთაგური და საბიუჯეტო ოფისის თანამშრომლები გაერთიანებული სამეფოს საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისის ექსპერტებს შეხვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისის ექსპერტები (UK OBR) მარკ დემბოვიცი - კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელი, ჯეიმს ტეილორი და ენდრიუ სატონი-ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების პროგნოზირების განყოფილების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსს, ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს ბატონ ნიკოლოზ ნათენაძეს და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კოვზანაძეს შეხვდნენ.

საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისსა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2016 წლის ივნისში ექსპერტების პირველი ვიზიტისას შედგა. ამ ეტაპზე თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებად განსაზღვრულია საბიუჯეტო ოფისის მიერ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დამოუკიდებელი პროგნოზების მომზადებაში დახმარება და დაინტერესებულ მხარეებთან პროდუქტების კომუნიკაციის გაუმჯობესება.

მონაწილეებმა შეხვედრაზე განიხილეს ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამების პროგნოზების მომზადება 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვამდე, ასევე ცალკეული ანგარიშებისა და რეპორტების დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების საშუალებები და გზები.

აღნიშნული ვიზიტი გაიმართა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის "კარგი მმართველობის ფონდის" (Good Governance Fund) ფარგლებში.

ფონდი მიზნად ისახავს ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობას 5 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. საქართველოში პროგრამამ ფუნქციონირება დაიწყო 2015 წლის დასასრულს: პროგრამას ახორციელებს პრაისვოთერანდკუპერს საქართველო (PwC) და პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი (PMCG), ხოლო კოორდინაციას უწევს დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში.