მიმდინარე წლის 7 დეკემბერს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი თათა ხეთაგური საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯესი ბიდლი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში, Tetra Tech ARD-ის დემოკრატიის და მმართველობის განყოფილების წარმომადგენელი; დევიდ სმიტი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში, პროგრამის ხელმძღვანელი; ნინო ვარდოსანიძე, პროექტის ფარგლებში საკანონმდებლო და ზედამხედველობის პროგრამის მენეჯერი.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) წარმოადგენს ხუთწლიან პროექტს, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთ მიზნად განსაზღვრულია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ინსტიტუციური გაძლიერებისა და შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერა. თათა ხეთაგურმა სტუმრებს გააცნო საბიუჯეტო ოფისის მიმდინარე და 2017 წლის დაგეგმილი საქმიანობის ძირითადი ასპექტები. შეხვედრაზე განხილულ იქნა, როგორც პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელებული ღონისძიებები, ასევე თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებები.
ოფისის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის გაწეული დახმარებისა და გამოხატული სამომავლო მხარდაჭერისათვის და მომავალი ეფექტიანი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.