მიმდინარე წლის 8-11 ივლისს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (Deutsche Gesellschaft fur lnternationale Zusammenarbeit - GIZ) პროგრამის "საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" ორგანიზებით ქ. ბორჯომში გაიმართა რეგიონალური სემინარი სახელწოდებით „პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და უმაღლესი აუდიტორული ორგანოს როლი საბიუჯეტო ზედამხედველობის პროცესში“. ვიზიტის მიზანი იყო საპარლამენტო ზედამხედველობის და მთავრობის საფინანსო კონტროლის გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმებისა და ზემოაღნიშნული ინსტიტუციების როლის შესახებ ორი ქვეყნის გამოცდილების განხილვა და გაზიარება. საქართველოს მხრიდან შეხვედრებს ესწრებოდნენ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (Deutsche Gesellschaft fur lnternationale Zusammenarbeit – GIZ) წარმომადგენლები, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ერთ-ერთ საკითხად განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის 2014 წლის რეფორმის მიმდინარე პროცესი და ინსტიტუციის საქმიანობის ძირითადი მიღწევები და გამოწვევები. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის თანამშრომლების მიერ წარდგენილ იქნა პრეზენტაციები პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლისა და მანდატის, მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების და დამატებითი კვლევითი პუბლიკაციების, ასევე შესაბამისი მეთოდოლოგიური ასპექტების შესახებ. სტუმრები ასევე დაინტერესდნენ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის კომუნიკაციის სტრატეგიით ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან. სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
სემინარის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტისა და სომხეთის ეროვნული ასამბლეის საბიუჯეტო ოფისებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ის ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს ორივე ინსტიტუციის განვითარებას საერთაშორისო უკეთესი პრაქტიკის შესაბამისად.
http://pbo.parliament.ge/ge/aboutus/archive/item/279-2016-07-25-12-48-36?tmpl=component&print=1#sigProGalleriae96b8a9c55