Print this page

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

 

დღეს, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობდა.
სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები თამაზ მეჭიაური, ნოდარ ებანოიძე და გიორგი გაჩეჩილაძე ესწრებოდნენ.

სხდომაზე პარლამენტის საბიუჯეტოს ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, თათია ხეთაგურმა სამეთვალყურეო საბჭოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის 2015 წლის საქმიანობის ანგარიში და 2016 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა, ასევე განხილულ იქნა სხვა საკითხები საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდისათვის.

პარლამენტის თავმჯდომარის რეკომენდაციით, პირველადი მოსამზადებელი სამუშაოებისა და მეთოდოლოგიური ბაზის მომზადების შემდგომ, რომელსაც გასული წელი დაეთმო, ოფისის პროდუქტების ეფექტიანობის ზრდისათვის, მიზანშეწონილია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის 2016 წლის საქმიანობა ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის გაძლიერებაზე იყოს ორიენტირებული.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა საბიუჯეტო ოფისს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის შესახებ მომზადებული მიმოხილვისა და მასში ასახული ალტერნატიული საგადასახადო პროგნოზებისათვის მადლობა გადაუხადა. მისი მოსაზრებით, აუცილებელია მიმდინარე წელს საბიუჯეტო ოფისის პროდუქტების აღქმადობის გაუმჯობესება.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნოდარ ებანოიძემ ყურადღება საკანონმდებლო პროცესში საბიუჯეტო ოფისის როლის ზრდის აუცილებლობაზე გაამახვილა.

სამეთვალყურეო საბჭომ შეითანხმა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის 2016 წლის საქმიანობის გეგმა თანდართული დოკუმენტებით.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის 2015 წლის წლიური ანგარიში იხილეთ ბმულზე