Print this page

შეხვედრა სომხეთის ეროვნული ასამბლეის საბიუჯეტო კომიტეტის წევრებთან

 

მიმდინარე წლის 7 ივლისს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (Deutsche Gesellschaft fur lnternationale Zusammenarbeit - GIZ) პროგრამის "საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის წევრებსა და სომხეთის ეროვნული ასამბლეის საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. ვიზიტის მიზანი იყო საპარლამენტო ზედამხედველობის და მთავრობის საფინანსო კონტროლის გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმების შესახებ ორი ქვეყნის გამოცდილების განხილვა და გაზიარება. საქართველოს მხრიდან შეხვედრებს ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ნოდარ ებანოიძე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (Deutsche Gesellschaft fur lnternationale Zusammenarbeit – GIZ) წარმომადგენლებთან ერთად. შეხვედრას ასევე ესწრებოდა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თათია ხეთაგური.

სამუშაო შეხვედრაზე სტუმრები დაინტერესდნენ საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით განხორციელებული რეფორმებით, მათ შორის აღნიშნულ პროცესში სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლით.
„ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიუჯეტის, საჯარო რესურსების და ფინანსების სწორი მართვა. ამ მხრივ, კომიტეტებს შორის თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება არის ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ვიმედოვნებ, რომ ასეთი საქმიანი ურთიერთობა გაგრძელდება .სამუშაო ფორმატშიც შესაძლებელია ქვეყნებს შორის ურთიერთობა განვითარდეს და პარლამენტებს ამაში განსაკუთრებული როლი აქვთ."- აღნიშნა პარლამენის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

„შეხვედრის ინტერესის საგანია საჯარო ფინანსების მართვა, სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვა, კონტროლი და აუდიტის სამსახურის საქმიანობა. ჩვენ მზად ვართ, მათ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება. მით უფრო, რომ გარკვეულწილად, ამ მიმართულებით გვაქვს მიღწევები და ეს სისტემა საკმაოდ დაიხვეწა. ვგულისხმობ, აუდიტის სამსახურის, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის და თავად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ფუნქციონირებას" - აღნიშნა შეხვედრაზე საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ნოდარ ებანოიძის შეფასებით, შეხვედრა საქმიანი და საინტერესო იყო და ორივე მხრიდან მოხდა საინტერესო გამოცდილების გაზიარება. „საინტერესო შეხვედრა იყო. გავცვალეთ ინფორმაციები. საფინანსო ზედამხედველობის მიმართულებით, ჩვენ სერიოზული ნაბიჯები გადავდგით ამ ორი წლის განმავლობაში და ვფიქრობ, მათთვისაც სასარგებლო იქნება ჩვენი გამოცდილების გაზიარება ამ კუთხით."- აღნიშნა ნოდარ ებანოიძემ.
შეხვედრაზე ერთ-ერთ საკითხად განხილულ იქნა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის რეფორმის მიმდინარე პროცესი და ინსიტუციის საქმიანობის ძირითადი მიღწევები და გამოწვევები. საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თათია ხეთაგურის განცხადებით, „აღნიშნული შეხვედრა ძირითადად, საბიუჯეტო პროცესზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებას ეხებოდა. ყურადღება გამახვილდა საბიუჯეტო ოფისის მიმდინარე საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, რომლითაც ვცდილობთ საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის დაახლოებას საერთაშორისო პრაქტიკასთან".

 

გალერეა