Print this page

საქართველოს დელეგაციამ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პარლამენტის საბიუჯეტო ოფისებისა და დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციების ჯგუფის მე-7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მიმდინარე წლის 16-17 აპრილს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, საქართველოს დელეგაციამ საქართველოს პარლამენტის წევრის ნოდარი ებანოიძის, საბიუჯეტო ოფისის განყოფილების უფროსის თათია ხეთაგურისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) წარმომადგენლის ინგა სინჯიკაშვილის შემადგენლობით, მიიღო მონაწილეობა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პარლამენტის საბიუჯეტო ოფისებისა და დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციების ჯგუფის მე-7 შეხვედრაში.
განხილული საკითხები მოიცავდა ისეთ აქტუალურ თემებს, როგორებიცაა ახლად დაარსებული დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციები და მათი როლის ფისკალური მდგრადობის ხელშეწყობაში; შედარებით გამოცდილი დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციების საქმიანობის შეფასება, ასევე დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციების საქმიანობის საოპერაციო პრინციპები და საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების ერთიანი ჩარჩო. გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოდგენილი იქნა კვლევითი პუბლიკაციები სახელმწიფო ვალის ოპტიმალური ლიმიტის განსაზღვრისა და ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანობაზე სახელმწიფო ვალის დონისა და დინამიკის გავლენის შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ 30-ზე მეტი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები სხვა დამოუკიდებელ ფისკალურ ინსტიტუციებთან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის ჩართულობითა და მხარდაჭერით.