საბიუჯეტო პროცესი და საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი იყო ის ძირითადი საკითხი, რომლის შესახებაც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის განყოფილების უფროსმა შორენა კახიძემ სტაჟიორებთან და პრაქტიკანტებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
საბიუჯეტო ოფისის განყოფილების უფროსმა ახალგაზრდებს პრეზენტაციის სახით სახელმწიფო საბიუჯეტო სისტემა და მისი სამართლებრივი საფუძვლები, ასევე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მანდატი და ამ ჭრილში პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები გააცნო.
ბიუჯეტის, როგორც სახელმწიფო ფინანსების მართვის ინტრუმენტზე საუბრისას, შორენა კახიძემ ყურადღება მთავრობის მიერ საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის რეგულირების განხორციელებასა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულებაზე გაამახვილა. მისი ინფორმაციით, ქვეყნის საკანონმდებლო შტო, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, აქტიურადაა ჩართული ბიუჯეტის დაგეგმვის, მომზადებისა და დამტკიცების ყველა ეტაპზე.
საბიუჯეტო ოფისის განყოფილების უფროსმა ასევე ვრცლად ისაუბრა საბიუჯეტო პროცესში მეტი გამჭვირვალობისა და კონტროლის მექანიზმებზე და ამ მხრივ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საქმიანობის პრინციპებსაც შეეხო.
საბიუჯეტო ოფისის როლსა და მანდატზე საუბრისას, შორენა კახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციაა პარლამენტის მიერ საბიუჯეტო კონტროლისა და სახელმწიფო ფინანსების სწორად მართვის ხელშეწყობისათვის. მისივე განცხადებით, ოფისი აქტიურად ეცნობა და განიხილავს მთავრობის მიერ მომზადებულ კვარტალურ ანგარიშებს, ასევე საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის ფინანსური დასაბუთების შესახებ შესაბამის დასკვნებს ამზადებს.
ძირითადი მოხსენების დასრულების შემდეგ, სტაჟიორებსა და პრაქტიკანტებს შეკითხვების დასმის საშუალება ჰქონდათ. საბიუჯეტო ოფისის განყოფილების უფროსმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება ურჩია. ,,მინდა მოგილოცოთ ის შესაძლებლობა, რომ სტაჟირებასა და პრაქტიკას საქართველოს პარლამენტში გადიხართ. აქტიურად ჩაერთეთ საპარლამენტო საქმიანობაში, დაესწარით საკომიტეტო მოსმენებსა და განხილვებს და აქ მიღებული გამოცდილება პროფესიულ წინსვლაში უთუოდ დაგეხმარებათ", მიმართა შორენა კახიძემ სტაჟიორებსა და პრაქტიკანტებს.
სტაჟირება და პრაქტიკა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წელია მიმდინარეობს. 2015 წელს პარლამენტს 24 სტაჟიორი და 35 პრაქტიკანტი ჰყავს, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი, ესწრებიან კომიტეტების სხდომებს და დეპარტამენტების მუშაობის სპეციფიკასაც ეცნობიან.
სტაჟირებისა და პრაქტიკის პროცესი პარლამენტის ცალკეული კომიტეტების, საპარლამენტო ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებთან, ასევე საქართველოს პარლამენტის ცალკეულ წევრებთან შეხვედრებსაც ითვალისწინებს, რომელთა ორგანიზებას საკადრო საკითხთა დეპარტამენტი უზრუნველყოფს.
გალერეა
http://pbo.parliament.ge/ge/aboutus/archive/item/135-shorenas-shexvedra-stajiorebtan?tmpl=component&print=1#sigProGalleria6c14c6d117