პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის მარტში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 10.7% შეადგინა;
- 2026 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 5.9%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია, ფასების დინამიკამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ტრანსპორტზე, საცხოვრებელზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე და აირზე;
- 2026 წლის მარტში*, წინა წლის მარტთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 9.9%-ით, ხოლო ხარჯები 7.8%-ით გაიზრდა;
- 2026 წლის მარტში*, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.0%-ით გაიზარდა და 70,203.7 მლნ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია მშენებლობის, ვაჭრობის და მრეწველობის დარგებში;
- 2026 წლის იანვარ-მარტში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 23.4%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 7.1%-ით შემცირდა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 0.2%-ით გაიზარდა და 5,867.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
- 2026 წლის მარტში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 9.8%-ით გაიზარდა და 320.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 45.4%), აშშ (19.0%) და რუსეთი (11.9%) წარმოადგენდნენ;
- 2026 წლის აპრილში, მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 6,471 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, 43.2%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 2.4%-ით შემცირდა;
- 2026 წლის მარტში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი, როგორც დეპოზიტებზე (1.05 პპ-ით), ასევე სესხებზე (0.25 პპ-ით) გაიზარდა;
- 2026 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან 0.9%-ით და თურქულ ლირასთან მიმართებით 2.1%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ 0.1%-ით გაუფასურდა;
- 2026 წლის აპრილის თვეში, რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებით, თურქული ლირის გარდა, გამყარდა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:
https://infogram.com/aprilis-makroekonomikuri-mimokhilva2026-1hnq41oydmjqk23
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: