„საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (II წარდგენა) მიხედვით:
- შემოსულობების გეგმა განსაზღვრულია30,290.8 მლნ ლარით, რაც 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმით დამტკიცებულ მოცულობას, მნიშვნელოვნად, 2,730.0 მლნ ლარით (9.9%-ით) აღემატება. აღნიშნული ზრდა, ერთი მხრივ, შემოსავლებისა და აგრეთვე, ვალდებულებების აღების შედეგად მისაღები სახსრების მატებას უკავშირდება (შესაბამისად, 1,164.1 მლნ ლარით და 1,785.9 მლნ ლარით), მეორე მხრივ, არაფინანსური აქტივების რეალიზაციიდან და ფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მისაღები შემოსულობების შემცირებას (შესაბამისად, 100.0 მლნ ლარით და 120.0 მლნ ლარით).
- გადასახდელების გეგმა განსაზღვრულია 30,475.9 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2,534.1 მლნ ლარით (9.1%-ით) აღემატება 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრულ გადასახდელების გეგმას. აღნიშნული მატება მოდის ხარჯების, ფინანსური აქტივების ზრდის და ვალდებულებების კლების კომპონენტებზე. კერძოდ, ხარჯების კომპონენტის მაჩვენებელი გაზრდილია 1,313.6 მლნ ლარით (6.0%-ით), ფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტი - 190.5 მლნ ლარით (44.9%-ით), ხოლო ვალდებულებების კლების კომპონენტი მნიშვნელოვნად იზრდება - 1,502.0 მლნ ლარით (106.0%-ით). გადასახდელების მეოთხე კომპონენტი, არაფინანსური აქტივების ზრდა, 472.0 მლნ ლარით (11.1%-ით) მცირდება.
- ნაშთის ცვლილება (გამოყენება) განსაზღვრულია -185.1 მლნ ლარის ოდენობით;
- 2026 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი (უარყოფითი მთლიანი სალდო) განისაზღვრება 2,720.0 მლნ ლარით, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ს შეადგენს (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 3%);
- 2026 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა - მშპ-ის 34.9%-ით არის განსაზღვრული, მათ შორის, გათვალისწინებულია საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება (2026 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წინასწარი მონაცემებით), რაც არ ახდენს გავლენას მთავრობის ვალის ზღვრულ მოცულობაზე მშპ-სთან მიმართებაში (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 60%);
- 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 35.5 მლრდ ლარს.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.