საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საქართველოს 2026-2030 წწ. ძირითადი მონაცემების და საქართველოს სამინისტროების მიმართულებების დოკუმენტით განსაზღვრული საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი დამოუკიდებელ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს აქვეყნებს. პროგნოზი მოიცავს როგორც საბაზისო, ისე ოპტიმისტურ და პესიმისტურ სცენარებს.
ძირითადი ინდიკატორების საპროგნოზო მაჩვენებლების დინამიკა შემდეგია:
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.6%-ით გაიზრდება. მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის (6.6%) 0.3 პროცენტული პუნქტით (პპ) აღემატება ეკონომიკური ზრდის მთავრობის პროგნოზს (6.3%) და განსხვავდება (1.0 პპ-ით აღემატება) საბიუჯეტო ოფისის მიერ 2025 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული საპროგნოზო მაჩვენებლისგან. მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა როგორც 2021 წელს (10.6%), აგრეთვე 2022 (11.0%), 2023 (7.8%), 2024 (9.7%) და 2025 (7.5%) წლებში.
საბიუჯეტო ოფისის აღნიშნული პროგნოზი ემყარება დაშვებას, რომ მიმდინარე წელს და საშუალოვადიან პერიოდში კვლავ შენარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, უფრო მეტად გაიზრდება ტურიზმის მაჩვენებლები, მნიშვნელოვან დონეზე შენარჩუნდება საგარეო ვაჭრობის და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები, აგრეთვე რეგიონში მიმდინარე კონფლიქტი საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველ ოთხ თვეში ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური აქტივობა დაფიქსირდა და გაიზარდა რეალური მშპ. გარდა აღნიშნულისა, დაშვებისას, ასევე, მხედველობაშია მიღებული როგორც ქვეყნის შიდა ეკონომიკური აქტივობა, ასევე - საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებები და პროგნოზი. კერძოდ:
- მოსალოდნელია, რომ 2025 წელთან შედარებით, 2026 წლისათვის მნიშვნელოვნად გამოცოცხლდება ტურისტული სექტორი, გარდა ამისა, გაიზრდება როგორც მომსახურების ექსპორტი, ისე იმპორტი;
- 2025 წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.00%-იან ნიშნულზე ფიქსირდებოდა, ხოლო 2026 წელს, მაღალი ინფლაციის და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტით გამოწვეული ინფლაციური შოკების პასუხად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, განაკვეთი 0.25 პპ-ით გაიზარდა და 8.25% შეადგინა. ეროვნული ბანკის აღნიშნული პოლიტიკის საპასუხოდ, ინფლაციის მაჩვენებელმა 2026 წლის მაისში კლება დაიწყო. თუმცა, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2026 წელს ინფლაციის შედარებით მაღალი ზრდის ტემპი (4.3%) შენარჩუნდება და მიზნობრივ მაჩვენებელს (3.0%) აღემატება.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2026 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი სალდოს (GFSM 2014) მშპ-თან მოსალოდნელი ფარდობა -2.1%-ს შეადგენს (2025 წლის დეკემბრის პროგნოზით იგი -2.2% იყო).
ამასთან, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, ე.წ. მოდიფიცირებული მთლიანი სალდოს მაჩვენებელი (რომელიც ცალკეული მუხლების რეკლასიფიკაციით მიიღება და გამოიყენება IMF-ის პროგრამაში) 2026 წლისთვის -2.1%-ს გაუტოლდება. აქვე ხაზგასასმელია, რომ ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზები ეყრდნობა ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით განსაზღვრულ მთავრობის საშუალოვადიან პროგნოზებს.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2026 წლისთვის საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის მოსალოდნელი დეფიციტი მშპ-ის 3.5%-ია, რაც 0.7 პროცენტული პუნქტით განსხვავდება ოფისის 2025 წლის დეკემბრის პროგნოზისგან (4.2%), ხოლო მთავრობის საპროგნოზო მაჩვენებელი მშპ-ის 3.7%-ს (2025 წლის დეკემბრის პროგნოზით 3.7%) შეადგენს. საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი 2026-2030 წლებში საშუალოდ მშპ-ის -3.7%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება, მთავრობის პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2026-2030 წლებში, ასევე, საშუალოდ 3.8%-ს შეადგენს.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:
https://infogram.com/makroekonomikuri-prognoziivnisi-2026-2026-2030-1h7j4d5jw7gzv6n
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: