Print this page

2025 წლის დეკემბრის თვის მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ნოემბერში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7.2% შეადგინა;
  • 2025 წლის დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 4.0%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე შედარებით მაღალი. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია, ძირითადად, ფასების დინამიკამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, ალკოჰოლურ სასმელებზე და  თამბაქოზე;
  • 2025 წლის ნოემბერში*, წინა წლის ნოემბერთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 13.1%-ით გაიზარდა, ხოლო ხარჯები 2.0%-ით შემცირდა;
  • 2025 წლის ნოემბერში*, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 13.3%-ით გაიზარდა და 66,508.3 მლნ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია მშენებლობის, ვაჭრობის და მრეწველობის დარგებში;
  • 2025 წლის იანვარ-ნოემბერში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 10.1%-ით, ხოლო იმპორტი 9.3%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9.5%-ით გაიზარდა და 23,218.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
  • 2025 წლის ნოემბერში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 11.9%-ით გაიზარდა და 298.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 45.5%), აშშ (19.4%) და რუსეთი (12.9%) წარმოადგენდნენ;
  • 2025 წლის დეკემბერში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 6,159 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, 38.4%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 5.9%-ით გაიზარდა;
  • 2025 წლის ნოემბერში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი, როგორც დეპოზიტებზე  (0.62 პპ-ით), ასევე სესხებზე (0.11 პპ-ით) შემცირდა;
  • 2025 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 0.3%-ით გამყარდა, ევროს მიმართ 0.9%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქულ ლირასთან მიმართებით 1.3%-ით გამყარდა;
  • 2025 წლის დეკემბრის თვეში, რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებაში, თურქული ლირის გარდა, გამყარდა.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:

https://infogram.com/dekembris-makroekonomikuri-mimokhilva2025-1h0r6rzwmoonw4e

დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: