პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ივნისში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6.3% შეადგინა;
- 2025 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 4.3%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე შედარებით მაღალი. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია, ძირითადად, ფასების დინამიკამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ჯანმრთელობის დაცვაზე და ტრანსპორტზე;
- 2025 წლის ივნისში*, წინა წლის მაისთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 4.6%-ით, ხოლო ხარჯები 26.0%-ით გაიზარდა;
- 2025 წლის ივნისში* კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემულმა სესხებმა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15.4%-ით მოიმატა და 64,006 მლნ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მშენებლობის და მრეწველობის დარგებში;
- 2025 წლის იანვარ-ივნისში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტმა 13.7%-ით, ხოლო იმპორტმა 12.4%-ით მოიმატა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12.8%-ით გაიზარდა და 11,934.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
- 2025 წლის ივნისში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 12.2%-ით გაიზარდა და 315.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 44.4%), აშშ (18.6%) და რუსეთი (13.0%) წარმოადგენდნენ;
- 2025 წლის ივლისში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 5,020 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, 7.5%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 7.1%-ით გაიზარდა;
- 2025 წლის ივნისში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი დეპოზიტებზე (0.50 პპ-ით) შემცირდა, ხოლო სესხებზე (0.22 პპ-ით) გაიზარდა;
- 2025 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 0.5%-ით გამყარდა, ევროს მიმართ 1.1%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქულ ლირასთან მიმართებით 2.4%-ით გამყარდა;
- 2025 წლის ივლისის თვეში, რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებაში, თურქული ლირის გარდა, გამყარდა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/ivlisis-makroekonomikuri-mimokhilva2025-1h1749w8j798l2z
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: