Print this page

ოპერატიული ინფორმაცია 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ (იანვარ-მაისი)

„2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-მაისის შესრულების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიმოხილვა“ - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.

2024 წლის იანვარ-მაისში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება 10,104.0 მლნ ლარს, წლიური გეგმის (24,569.5 მლნ ლარი) 41.1%-ს და 6 თვის გეგმის (11,710.5 მლნ ლარი) 86.3%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი 1,027.0 მლნ ლარით (11.3%-ით) აღემატება (შემოსავლების მნიშვნელოვანი მატების გავლენით).

2024 წლის 5 თვეში გადასახდელების შესრულება 9,858.5 მლნ ლარს, წლიური გეგმის (25,030.4 მლნ ლარი) 39.4%-ს და 6 თვის გეგმის (11,869.4 მლნ ლარი) 83.1%-ს აღწევს, ხოლო წინა წლის 5 თვის მაჩვენებელს 1,639.5 მლნ ლარით (19.9%-ით) აჭარბებს (ხარჯების მნიშვნელოვანი მატების გავლენით).

სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი წლის დასაწყისისათვის 1,577.3 მლნ ლარს გაუტოლდა. 5 თვის შემოსულობებისა და გადასახდელების გათვალისწინებით ნაშთის დაგროვებამ 245.5 მლნ ლარი შეადგინა და 2024 წლის 1 ივნისისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 1,822.8 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და მთლიან სალდოს, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 5 თვეში 1,251.9 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო მთლიანმა სალდომ -91.8 მლნ ლარი შეადგინა.

 

დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.