Print this page

2024 წლის ოქტომბრის თვის მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის სექტემბერში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 8.3% შეადგინა.
  • 2024 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.3%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე ნაკლები. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია, ძირითადად, ფასების დინამიკამ სასტუმროებზე, კაფეებსა და რესტორნებზე, ასევე, განათლებაზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე.
  • 2024 წლის სექტემბერში*, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 21.7%-ით, ხოლო ხარჯები 6.9%-ით გაიზარდა.
  • 2024 წლის სექტემბერში* კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემულმა სესხებმა 20.6%-ით მოიმატა და 57.5 მლრდ ლარი შეადგინა; მათგან ყველაზე მეტი გაცემულია მშენებლობის, ვაჭრობისა და მრეწველობის დარგებში.
  • 2024 წლის იანვარ-სექტემბერში* საქონლის ექსპორტმა 4.1%-ით, ხოლო იმპორტმა 3.6%-ით მოიმატა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3.7%-ით გაიზარდა და 16,777.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
  • 2024 წლის სექტემბერში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 1.1%-ით შემცირდა და 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 45.6%), აშშ (17.3%) და რუსეთი (12.6%) წარმოადგენდნენ.
  • 2024 წლის სექტემბერში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 4,085 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით 20.2%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 13.3%-ით ნაკლებია.
  • 2024 წლის სექტემბერში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი დეპოზიტებზე გაიზარდა, ხოლო სესხებზე უცვლელი დარჩა.
  • 2024 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარი აშშ დოლარის მიმართ მცირედით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან მიმართებით მცირედით გამყარდა.
  • 2024 წლის ოქტომბრის თვეში, რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები, აშშ დოლართან მიმართებაში, სომხური დრამისა და რუსული რუბლის გარდა, გაუფასურდა.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/oktombris-makroekonomikuri-mimokhilva-1h9j6q7pzqee54g?live

დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: