პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- თებერვალში*, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5.8% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებით ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპები აღინიშნება.
- მარტში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია 5.3%-ს გაუტოლდა, რაც ძირითადად განპირობებულია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდით.
- თებერვალში*, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 20.4%-ით, ხოლო ხარჯები 16.0%-ით გაიზარდა.
- თებერვალში* კომერციული ბანკების მიერ გაცემულმა სესხებმა 43.5 მლრდ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მრეწველობისა და მშენებლობის დარგებში.
- იანვარ - თებერვალში* ექსპორტმა 20.3%-ით, ხოლო იმპორტმა 9.0%-ით მოიმატა და სავაჭრო ბრუნვამ 2,898 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
- თებერვალში* ფულადმა გზავნილებმა 372.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს რუსეთი (გზავნილების მთლიანი ოდენობის 50.3%) და ევროკავშირის ქვეყნები (24.5%) წარმოადგენდნენ.
- მარტში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 5,004 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია წინა წლებთან შედარებით.
- თებერვალში*, წინა თვესთან შედარებით, შემცირდა როგორც დეპოზიტებზე, ასევე სესხებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი.
- მარტში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 2.3%-ით, ხოლო ევროს მიმართ 2.7%-ით გამყარდა.
დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების დინამიკის შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი.