პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- ივლისში*, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5.5% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებით ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპები აღინიშნება.
- აგვისტოში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია მიზნობრივი ინფლაციის 3%-იან მაჩვენებელზე ნაკლები იყო და 0.9% შეადგინა, რაც ძირითადად განპირობებულია სურსათის და უალკოჰოლო სასმელებისა და საცხოვრებლის ჯგუფზე ფასების ზრდით.
- ივლისში*, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 29.7%-ით, ხოლო ხარჯები 25.8%-ით გაიზარდა.
- ივლისში* კომერციული ბანკების მიერ გაცემულმა სესხებმა 46.4 მლრდ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მშენებლობისა და მრეწველობის დარგებში.
- იანვარ-ივლისში* ექსპორტმა 15.9%-ით, ხოლო იმპორტმა 19.0%-ით მოიმატა და სავაჭრო ბრუნვამ 12,106 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
- ივლისში* ფულადმა გზავნილებმა 301.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 38.4%) და რუსეთი (24.5%) წარმოადგენდნენ.
- აგვისტოში მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 5,437 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 27.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.
- ივლისში*, წინა თვესთან მიმართებით, მცირედით გაიზარდა დეპოზიტებსა და სესხებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი.
- აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.9%-ით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ 0.2%-ით გამყარდა.
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.