საქართველოს პარლამენტში წარდგენილი „ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ" პროექტზე შესაბამისი თანდართული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი დამოუკიდებელ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს აქვეყნებს.
ძირითადი ინდიკატორების საპროგნოზო მაჩვენებლების დინამიკა შემდეგია:
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.7%-ით გაიზრდება. მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის (6.7%) 0.2 პროცენტული პუნქტით (პპ) აღემატება ეკონომიკური ზრდის მთავრობის პროგნოზს (6.5%) და განსხვავდება (0.9 პპ-ით აღემატება) საბიუჯეტო ოფისის მიერ 2023 წლის ივნისში გამოქვეყნებული საპროგნოზო მაჩვენებლისაგან. 2020 წელს კოვიდ პანდემიის შედეგად დაფიქსირებული ეკონომიკური კლების შემდგომ (-6.8%), მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა როგორც 2021 წელს (10.5%), აგრეთვე 2022 წელს (წინასწარი მონაცემით 10.1%), რაც ძირითადად განპირობებული იყო 2020 წლის COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული მაღალი ეკონომიკური კლების გამო არსებული ე.წ. საბაზისო ეფექტით და მოსალოდნელზე მნიშვნელოვნად უკეთესი განვითარების ტენდენციის არსებობით. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომისა, 2021 წელს დაწყებული ეკონომიკური ზრდის ტემპი 2022 წელსაც შენარჩუნდა როგორც საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებში, აგრეთვე გზავნილების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, საფინანსო სექტორის, ტურიზმის სექტორის და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლების მიმართულებით. საბიუჯეტო ოფისის აღნიშნული პროგნოზი ემყარება დაშვებას, რომ მიმდინარე წელს და საშუალოვადიან პერიოდში შენარჩუნდება გასული ორი წლის განმავლობაში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, უფრო მეტად გაიზრდება ტურიზმის მაჩვენებლები, მნიშვნელოვან დონეზე შენარჩუნდება საგარეო ვაჭრობის და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები. დაშვებისას ასევე მხედველობაშია მიღებული როგორც ქვეყნის შიდა ეკონომიკური აქტივობა, ასევე - საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებები და პროგნოზი. კერძოდ:
- მოსალოდნელია, რომ 2022 წელთან შედარებით 2023 წლისათვის მნიშვნელოვნად გაიზრდება მომსახურების სფერო, განსაკუთრებით კი ტურისტული სექტორი, გაიზრდება როგორც მომსახურების ექსპორტი, ისე იმპორტი.
- კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვნად გაზრდილი ინფლაციის ტემპის ზრდის საპასუხოდ ეროვნულმა ბანკმა 2022 წლის თებერვლიდან გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რომელმაც თებერვლის დასაწყისიდან 10.5%, ხოლო მარტის ბოლოდან 11.0% შეადგინა. 2022 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 11.9% შეადგინა, რის შემდგომაც აღნიშნულმა მაჩვენებლმა დაიწყო შემცირება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაციის მკვეთრი კლება დაფიქსირდა 2023 წლის მეორე კვარტალში, კერძოდ, 2023 წლის ივლისში წლიური ინფლაციის დონე 0.3%-ით განისაზღვრა, რაც ძირითადად მსოფლიო ბაზარზე ნავთობსა და სურსათზე ფასების კლებით იქნა გამოწვეული. 2023 წლის ივლისის თვეში სურსათის ფასების რეალური ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან მიმართებაში 13.3%-ით შემცირდა. აღნიშნულის პასუხად, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პპ-ით, 2 აგვისტოს 0.25 პპ-ით და 13 სექტემბერს 0.25 პპ-ით შეამცირა. აღნიშულის შესაბამისად და აგვისტოს თვეში დაფიქსირებული წლიური ინფლაციის ტემპის 0.9%-იანი ზრდის გათვალისწინებით, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2023 წლის მეორე ნახევარში წლიური ინფლაციის დაბალი ზრდის ტემპი შენარჩუნდება და 2023 წელს წლიური ინფლაცია მიზნობრივ (3.0%) ჩამოსცდება. აღნიშნული ტრენდის შენარჩუნებაა მოსალოდნელი საშუალოვადიან პერიოდშიც, რასაც პოლიტიკის განაკვეთის უფრო მეტად შემცირება შეიძლება მოჰყვეს.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2023 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი სალდოს (GFSM 2014) მშპ-თან მოსალოდნელი ფარდობა -2.9%-ს შეადგენს (2023 წლის ივნისის პროგნოზით იგი -2.4% იყო). ამასთან, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, ე.წ. მოდიფიცირებული მთლიანი სალდოს მაჩვენებელი (რომელიც ცალკეული მუხლების რეკლასიფიკაციით მიიღება და გამოიყენება IMF-ის პროგრამაში) 2023 წლისთვის -2.7%-ს გაუტოლდება. აქვე ხაზგასასმელია, რომ ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზები ეყრდნობა ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით განსაზღვრულ მთავრობის საშუალოვადიან პროგნოზებს.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2023 წლისთვის საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის მოსალოდნელი დეფიციტი მშპ-ის 3.6%-ია,რაც 1.3 პროცენტული პუნქტით განსხვავდება ოფისის 2023 წლის ივნისის პროგნოზისგან (4.9%), ხოლო მთავრობის საპროგნოზო მაჩვენებელი მშპ-ის 3.5%-ს (2023 წლის ივნისის პროგნოზით 5.4%) შეადგენს. საბიუჯეტო ოფისის შეფასებით მიმდინარე ანგარიშის 2023-2027 წლებში საშუალოდ მშპ-ის -3.7%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება, მთავრობის პროგნოზის მიხედვით დეფიციტი 2023-2027 წლებში საშუალოდ მშპ-ის -4.0%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება.