პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს კვარტალური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- 2023 წლის II კვარტალში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 7.4%-ით გაიზარდა, რაც აღემატება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ მაისის თვეში პროგნოზირებულ 6.4%-ს.
- 2023 წლის II კვარტალში წლიური ინფლაცია 1.6%-ს გაუტოლდა, რაც მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე ნაკლებია.
- 2023 წლის II კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის დადებითმა მთლიანმა სალდომ 77.4 მლნ ლარი შეადგინა.
- მთლიანი სახელმწიფო ვალი ზრდის ტენდენციას ავლენს, შემცირებულია საგარეო ვალის წილი მთლიან სახელმწიფო ვალში. კერძოდ, 2023 წლის II კვარტალში საგარეო ვალის წილმა 74.1% შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 78.9% იყო.
- 2023 წლის I კვარტალში გაუმჯობესდა საგადასახდელო ბალანსის მდგომარეობა, კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა (-67.1%) და 201.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
- 2023 წლის II კვარტალში მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა 5,066.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია წინა წლებთან შედარებით.
- 2023 წლის II კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის წილი საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთლიან მოცულობაში 29.8%-დან 30.3%-მდე გაიზარდა.
- წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2023 წლის II კვარტალში ფულადი გზავნილები 10.5%-ით შემცირდა და 1,111.3 მლნ დოლარი შეადგინა.
- მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთი 2023 წლის II კვარტალში 0.5%-ული პუნქტით შემცირდა და 10.5%-ით განისაზღვრა.
- ლარის გაცვლითი კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, აშშ დოლარის მიმართ წინა კვარტალთან შედარებით 3.0%-ით, ხოლო 2022 წლის II კვარტალთან შედარებით 17.1%-ით გამყარდა.
- დოლარიზაციის მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირდა როგორც დეპოზიტებზე, ასევე სესხებზე
დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების შესახებ, იხ. სრული დოკუმენტი.