Print this page

„საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მიმოხილვა - II წარდგენა

 „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით:

  • შემოსულობების გეგმა განისაზღვრა 22,170.9 მლნ ლარის ოდენობით, რაც დამტკიცებულ მოცულობას 256.7 მლნ ლარით (1.2%-ით) აღემატება. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია, ერთი მხრივ, შემოსავლების ზრდით (620.0 მლნ ლარის ოდენობით, 3.5%-ით), მეორე მხრივ, ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების შემცირებით (363.3 მლნ ლარით). რაც შეეხება არაფინანსური და ფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან შემოსულობებს, აღნიშნული კომპონენტების საგეგმო მაჩვენებლები უცვლელია.
  • გადასახდელების გეგმა განისაზღვრა 22,311.3 მლნ ლარის ოდენობით, რაც დამტკიცებულ მოცულობას 431.2 მლნ ლარით (2.0%-ით) აღემატება. აღნიშნული მატება ძირითადად მოდის ხარჯების კომპონენტზე, კერძოდ, 2023 წლის გეგმასთან შედარებით, 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, ხარჯები იზრდება 564.7 მლნ ლარით (3.5%), არაფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტი - 74.3 მლნ ლარით (1.9%). ფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტი მცირდება 107.9 მლნ ლარით (24.2%), ხოლო ვალდებულებების კლების კომპონენტი - 100.0 მლნ ლარით (8.2%).
  • ნაშთის ცვლილება (გამოყენება) განსაზღვრულია -140.4 მლნ ლარის ოდენობით.   
  • 2023 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი (უარყოფითი მთლიანი სალდო) განისაზღვრება 2,346.9 მლნ ლარით, რაც მთავრობის მიერ პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 3.0%-ს შეადგენს (დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულია მთლიანი შიდა პროდუქტის 2.8%).
  • 2023 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა განისაზღვრა მთლიანი შიდა პროდუქტის 38.4%-ით, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულების შეფასება (2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით) - მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 0.1%-ით − ჯამი: მშპ-ის 38.5% (დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულია მშპ-ის 38.8%).

დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.