პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს კვარტალური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- 2022 წლის III კვარტალში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 9.7%-ით გაიზარდა, რაც აღემატება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ აგვისტოს თვეში პროგნოზირებულ 7.9%-ს. შესაბამისად, დაფიქსირდა მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა.
- 2022 წლის III კვარტალში წლიური ინფლაცია 11.3%-ს გაუტოლდა, რაც ძირითადად განპირობებულია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდით.
- 2022 წლის III კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის უარყოფითმა მთლიანმა სალდომ 768.4 მლნ ლარი შეადგინა.
- მთლიანი სახელმწიფო ვალი კლების ტენდენციას ავლენს, შემცირებულია ასევე საგარეო ვალის წილი მთლიან სახელმწიფო ვალში. კერძოდ, 2022 წლის III კვარტალში საგარეო ვალის წილმა 76.3% შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 85.0%-ს იყო.
- 2022 წლის II* კვარტალში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგადასახდელო ბალანსის მდგომარეობა, კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის განახევრდა (კლება -49.0%) და მხოლოდ 252.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
- 2022 წლის III კვარტალში მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა 4,313 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია წინა წლებთან შედარებით.
- 2022 წლის III კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის წილი საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთლიან მოცულობაში 28.8%-დან 30.6%-მდე გაიზარდა.
- წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2022 წლის III კვარტალში ფულადი გზავნილები 64.9%-ით გაიზარდა და 1,027.5 მლნ დოლარი შეადგინა.
- მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთი 2022 წლის მარტიდან არ შეცვლილა და 11.0%-ს შეადგენს.
- ლარის გაცვლითი კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება. ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ წინა კვარტალთან შედარებით 2.8%-ით, ხოლო 2021 წლის III კვარტალთან შედარებით 10.5%-ით გამყარდა.
- დოლარიზაციის მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირდა როგორც დეპოზიტებზე, ასევე სესხებზე.
დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების შესახებ, იხ. სრული დოკუმენტი.