პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
• 2022 წლის სექტემბერში*, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 8.8% შეადგინა. აღსანიშნავია, პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებით ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპები აღინიშნება.
• ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია 10.6%-ს გაუტოლდა, რაც ძირითადად განპირობებულია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდით.
• სექტემბერში*, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 29.2%-ით, ხოლო ხარჯები 8.6%-ით გაიზარდა.
• სექტემბერში* კომერციული ბანკების მიერ გაცემულმა სესხებმა 42.1 მლრდ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობისა და მრეწველობის დარგში.
• იანვარ-სექტემბერში* ექსპორტმა 37.4%-ით, ხოლო იმპორტმა 34.4%-ით მოიმატა და სავაჭრო ბრუნვამ 13,612 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
• სექტემბერში* გზავნილების ძირითად წყაროს რუსეთი (გზავნილების მთლიანი ოდენობის 44.9%) და ევროკავშირის ქვეყნები (23.8%) წარმოადგენენ.
• ოქტომბერში მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა 4,386 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია წინა წლებთან შედარებით.
• სექტემბერში*, წინა თვესთან შედარებით, დეპოზიტებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი გაიზარდა, სესხებზე კი შემცირდა.
• ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 2.3%-ით, ხოლო ევროს მიმართ 3.6%-ით გამყარების ტენდენციას ავლენს.
დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების დინამიკის შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი