Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა - I კვარტალი, 2026

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს კვარტალური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

  • 2026 წლის I კვარტალში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 9.1%-ით გაიზარდა;
  • 2026 წლის I კვარტალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს გაუტოლდა, რაც მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე მეტია;
  • 2026 წლის I კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის დადებითმა მთლიანმა სალდომ 273.9 მლნ ლარი შეადგინა;
  • მთლიანი სახელმწიფო ვალი ზრდის ტენდენციას ავლენს. შემცირებულია საგარეო ვალის წილიც მთლიან სახელმწიფო ვალში, კერძოდ, 2026 წლის I კვარტალში საგარეო ვალის წილმა 67.7% შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 69.4% იყო;
  • 2025 წლის IV* კვარტალში გაუმჯობესდა საგადასახდელო ბალანსი. კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითმა სალდომ 487.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მიმდინარე ანგარიშის სალდო უარყოფითი 713.0 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა);
  • 2026 წლის I კვარტლის ბოლოსათვისსაერთაშორისო რეზერვებმა 6,316.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 46.5%-ით მეტია;
  • 2026 წლის I კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის წილი საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთლიან მოცულობაში 23.9%-დან 29.4%-მდე გაიზარდა;
  • წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში ფულადი გზავნილები 14.2%-ით გაიზარდა და 898.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
  • მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთი 2026 წლის I კვარტლის ბოლოს 8.00%-ით განისაზღვრა;
  • ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ წინა კვარტალთან შედარებით 0.3%-ით, ხოლო 2025 წლის I კვარტალთან მიმართებით 4.2%-ით გამყარდა;
  • წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი როგორც დეპოზიტებზე (4.86 პპ-ით), ასევე სესხებზე (0.59 პპ-ით) შემცირდა.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:

https://infogram.com/i-kvartlis-makroekonomikuri-mimokhilva2026-1h9j6q7on78554g

დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: