„2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-მარტისშესრულების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიმოხილვა“ - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.
2025 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 6,650.6 მლნ ლარს, წლიური გეგმის (27,560.8 მლნ ლარი) 24.1%-ს და 3 თვის გეგმის (6,619.0 მლნ ლარი) 100.5%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი 334.4 მლნ ლარით (5.3%-ით) აღემატება (ძირითადად, ვალდებულებების ზრდის კომპონენტის, აგრეთვე შემოსავლების მატების გავლენით).
2025 წლის 3 თვეში გადასახდელები 6,393.4 მლნ ლარს, წლიური გეგმის (27,941.7 მლნ ლარი) 22.9%-ს და 3 თვის გეგმის (6,780.8 მლნ ლარი) 94.3%-ს აღწევს, ხოლო წინა წლის 3 თვის მაჩვენებელს 639.9 მლნ ლარით (11.1%-ით) აჭარბებს (ხარჯების მნიშვნელოვანი მატების გავლენით).
სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი წლის დასაწყისისათვის 1,386.2 მლნ ლარს გაუტოლდა. 3 თვის შემოსულობებისა და გადასახდელების გათვალისწინებით, ნაშთის დაგროვებამ 257.2 მლნ ლარი შეადგინა და 2025 წლის 1 აპრილისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 1,643.5 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და მთლიან სალდოს, 2025 წლის იანვარ-მარტში, სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 445.9 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო მთლიანმა სალდომ -155.8 მლნ ლარი შეადგინა.
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.