Print this page

2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების პროექტის (I წარდგენა) მიმოხილვა

„საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თავდაპირველი ვარიანტის (I წარდგენა) მიხედვით:

  • შემოსულობების გეგმა განსაზღვრულია 27,583.5 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმით დამტკიცებულ მოცულობას მცირედით, 22.7 მლნ ლარით (0.1%-ით) აღემატება. აღნიშნული ზრდა განპირობებულია, ერთი მხრივ, შემოსავლების მატებით (381.3 მლნ ლარის ოდენობით, 1.6%-ით) და მეორე მხრივ, ვალდებულებების ზრდისა და აგრეთვე, ფინანსური აქტივების კლების მუხლებით მისაღები შემოსულობების შემცირებით (შესაბამისად, 298.6 მლნ ლარით და 60.0 მლნ ლარით). რაც შეეხება არაფინანსური აქტივების რეალიზაციიდან მისაღებ შემოსულობებს, მისი მოცულობა უცვლელია და განსაზღვრულია მიმდინარე წლის საგეგმო მოცულობის დონეზე.
  • გადასახდელების გეგმა განსაზღვრულია 27,952.9 მლნ ლარის ოდენობით, რაც დამტკიცებულ მოცულობას 11.2 მლნ ლარით აღემატება. აღნიშნული მატება მოდის ხარჯებისა და ვალდებულებების კლების კომპონენტებზე, კერძოდ, 2025 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, 2025 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, ხარჯები იზრდება 960.0 მლნ ლარით (4.4%-ით), ხოლო ვალდებულებების კლების კომპონენტი იზრდება - 15.0 მლნ ლარით (1.1%-ით). არაფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტი მცირდება 857.5 მლნ ლარით (20.1%-ით), ფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტი მცირდება - 106.3 მლნ ლარით (25.1%-ით).
  • ნაშთის ცვლილება (გამოყენება) განსაზღვრულია -369.4 მლნ ლარის ოდენობით;
  • 2025 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი (უარყოფითი მთლიანი სალდო) განისაზღვრება 2,561.6 მლნ ლარით, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ს შეადგენს (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 3%).
  • 2025 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა - მშპ-ის 34.1%-ით არის განსაზღვრული, მათ შორის,  გათვალისწინებულია საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება (2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წინასწარი მონაცემებით), რაც არ ახდენს გავლენას მთავრობის ვალის ზღვრულ მოცულობაზე მშპ-თან მიმართებაში (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 60%).
  • 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 32.6 მლრდ ლარს.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:

https://infogram.com/2025-tslis-sakhelmtsipo-biujetis-tsvlilebis-proektis-i-tsardgena-mimokhilva-1h1749wqn7k5q2z

დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.