„საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის (II წარდგენა) მიხედვით:
- შემოსულობების გეგმა განსაზღვრულია 26,850.5 მლნ ლარით, რაც 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმით დამტკიცებულ მოცულობას, მნიშვნელოვნად, 2,281.0 მლნ ლარით (9.3%-ით) აღემატება. აღნიშნული ზრდა დაკავშირებულია, ძირითადად შემოსავლების კომპონენტის მატებასთან (2,004.3 მლნ ლარის ოდენობით, 9.7%-ით), აგრეთვე, ვალდებულებების აღების შედეგად და ფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მისაღები სახსრების მატებასთან (შესაბამისად, 246.7 მლნ ლარით და 30.0 მლნ ლარით), რაც შეეხება არაფინანსური აქტივების რეალიზაციიდან მისაღებ შემოსულობებს, მისი მოცულობა განსაზღვრულია მიმდინარე წლის საგეგმო მოცულობის დონეზე.
- გადასახდელების გეგმა განსაზღვრულია 27,046.5 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2,016.1 მლნ ლარით (8.1%-ით) აღემატება 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრულ გადასახდელების გეგმას - 25,030.4 მლნ ლარს. აღნიშნული მატება მოდის ხარჯებისა და ფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტებზე. კერძოდ, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ხარჯების კომპონენტის მაჩვენებელი, 2024 წლის ბიუჯეტით დამტკიცებულ მოცულობასთან შედარებით, გაზრდილია 2,277.5 მლნ ლარით (11.9%-ით), ხოლო ფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტი იზრდება 145.9 მლნ ლარით (47.7%-ით). არაფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტი 380.6 მლნ ლარით (9.1%-ით) მცირდება, ხოლო ვალდებულებების კლების მაჩვენებელი შემცირებულია 26.6 მლნ ლარით (1.9%-ით).
- ნაშთის ცვლილება (გამოყენება) განსაზღვრულია -196.1 მლნ ლარის ოდენობით;
- 2025 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი (უარყოფითი მთლიანი სალდო) განისაზღვრება 2,440.3 მლნ ლარით, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ს შეადგენს (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 3%);
- 2025 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა - მშპ-ის 36.8%-ით არის განსაზღვრული, მათ შორის საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულების შეფასება (2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით (წინასწარი მონაცემები)) − მშპ-ის 0.03%-ია (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 60%);
- 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 31.2 მლრდ ლარს.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/2025-tslis-sakhelmtsipo-biujetis-proektis-ii-tsardgena-mimokhilva-1h984wvqy3xrz2p?live
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.