საქართველოს პარლამენტში წარდგენილი „ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ" პროექტზე შესაბამისი თანდართული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი დამოუკიდებელ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს აქვეყნებს. პროგნოზი მოიცავს როგორც საბაზისო, ისე ოპტიმისტურ და პესიმისტურ სცენარებს.
ძირითადი ინდიკატორების საპროგნოზო მაჩვენებლების დინამიკა შემდეგია:
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზრდება. მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის (5.8%) 0.4 პროცენტული პუნქტით (პპ) აღემატება ეკონომიკური ზრდის მთავრობის პროგნოზს (5.4%) და განსხვავდება (0.7 პპ-ით აღემატება) საბიუჯეტო ოფისის მიერ 2022 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული საპროგნოზო მაჩვენებლისაგან. 2020 წლის შემდგომ, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა როგორც 2021 წელს (10.5%), აგრეთვე 2022 წელს (წინასწარი მონაცემით 10.1%), რაც ძირითადად განპირობებული იყო 2020 წლის COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული მაღალი ეკონომიკური კლების გამო არსებული ე.წ. საბაზისო ეფექტით და მოსალოდნელზე მნიშვნელოვნად უკეთესი განვითარების ტენდენციის არსებობით. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომისა, 2021 წელს დაწყებული ეკონომიკური ზრდის ტემპი 2022 წელსაც შენარჩუნდა როგორც საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებში, აგრეთვე გზავნილების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, საფინანსო სექტორის, ტურიზმის სექტორის და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლების მიმართულებით. საბიუჯეტო ოფისის აღნიშნული პროგნოზი ემყარება დაშვებას, რომ მიმდინარე წელს და საშუალოვადიან პერიოდში შენარჩუნდება კორონა ვირუსის პანდემიის შემდეგ დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, უფრო მეტად გაიზრდება ტურიზმის მაჩვენებლები, მნიშვნელოვან დონეზე შენარჩუნდება საგარეო ვაჭრობის და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები. დაშვებისას ასევე მხედველობაშია მიღებული როგორც ქვეყნის შიდა ეკონომიკური აქტივობა, ასევე - საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებები და პროგნოზი. კერძოდ:
- მოსალოდნელია, რომ 2022 წელთან შედარებით 2023 წლისათვის მნიშვნელოვნად გაიზრდება მომსახურების სფერო, განსაკუთრებით კი ტურისტული სექტორი, გაიზრდება როგორც მომსახურების ექსპორტი, ისე იმპორტი.
- ინფლაციის ტემპის ზრდის საპასუხოდ ეროვნულმა ბანკმა 2022 წლის თებერვლიდან გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რომელმაც თებერვლის დასაწყისიდან 10.5%, ხოლო მარტის ბოლოდან 11.0% შეადგინა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაციის მკვეთრი კლება დაფიქსირდა 2023 წლის მეორე კვარტალში, რაც ძირითადად მსოფლიო ბაზარზე ნავთობსა და სურსათზე ფასების კლებით იქნა გამოწვეული. აღნიშნულის პასუხად, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით 0.5 პპ-ით შეამცირა განაკვეთი. საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2023 წლის მეორე ნახევრიდან ინფლაციას კლების ტემპი ექნება და 2023 წლის წლიური ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს (3.0%) ჩამოსცდება. აღნიშნული ტრენდის შენარჩუნებაა მოსალოდნელი საშუალოვადიან პერიოდშიც, რასაც პოლიტიკის განაკვეთის უფრო მეტად შემცირება შეიძლება მოჰყვეს.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2023 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი სალდოს (GFSM 2014) მშპ-თან მოსალოდნელი ფარდობა -2.4%-ს შეადგენს (2022 წლის დეკემბრის პროგნოზით იგი -2.8% იყო). ამასთან, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, ე.წ. მოდიფიცირებული მთლიანი სალდოს მაჩვენებელი (რომელიც ცალკეული მუხლების რეკლასიფიკაციით მიიღება და გამოიყენება IMF-ის პროგრამაში) 2023 წლისთვის -2.3%-ს გაუტოლდება. აქვე ხაზგასასმელია, რომ ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზები ეყრდნობა ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით განსაზღვრულ მთავრობის საშუალოვადიან პროგნოზებს.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2023 წლისთვის საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის მოსალოდნელი დეფიციტი მშპ-ის 4.9%-ია, რაც 1.6 პროცენტული პუნქტით განსხვავდება ოფისის 2022 წლის დეკემბრის პროგნოზისგან (6.5%), ხოლო მთავრობის საპროგნოზო მაჩვენებელი მშპ-ის 5.4%-ს შეადგენს.საბიუჯეტო ოფისის შეფასებით მიმდინარე ანგარიშის ბალანსი განაგრძობს გაუმჯობესებას და 2023-2027 წლებში საშუალოდ მშპ-ის -4.5%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება, მთავრობის პროგნოზის მიხედვითაც დეფიციტი შეინარჩუნებს გაუმჯობესების ტენდენციას და 2023-2027 წლებში საშუალოდ მშპ-ის -4.8%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება.