„საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ საფუძველზე.
2023 წელს:
- 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 22,680.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის (22,170.9 მლნ ლარი) 102.3%-ს შეადგენს, ხოლო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2,150.8 მლნ ლარით (10.5%-ით) აღემატება გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების მატების გავლენით. კერძოდ, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები როგორც ნომინალურ გამოსახულებაში, ასევე, წილობრივად მთლიან შემოსულობებში გაზრდილია 2021-2022 წლებთან შედარებით და 2023 წლისთვის 16,994.2 მლნ ლარს (შემოსულობების 74.9%) შეადგენს;
- 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 22,350.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის (22,311.3 მლნ ლარი) 100.2%-ს შეადგენს, ხოლო გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10.8%-ით (2,187.2 მლნ ლარით) მეტია, რაც ძირითადად დაკავშირებულია ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტების ფარგლებში გაწეული გადასახდელების ზრდასთან;
- 2023 წლის დასაწყისისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის მოცულობამ შეადგინა 1,247.5 მლნ ლარი. წლის განმავლობაში მიღებული შემოსულობების და გაწეული გადასახდელების გათვალისწინებით, ნაშთის დაგროვებამ შეადგინა 329.8 მლნ ლარი და შესაბამისად, 2023 წლის ბოლოსათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე არსებულმა ნაშთის მოცულობამ შეადგინა 1,577.3 მლნ ლარი;
- „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ერთიანი ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო (დეფიციტი) 2,346.9 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 3.0%-ს შეადგენდა. რაც შეეხება ფაქტობრივ შესრულებას, სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტმა 1,786.3 მლნ ლარი - მშპ-ის 2.2% შეადგინა, აღნიშნული კანონით განსაზღვრულ მაჩვენებელთან (მშპ-ის 3.0%) შედარებით 0.8 პროცენტული პუნქტით ნაკლები;
- „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, 2023 წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა განისაზღვრა მშპ-ის 38.4%-ით, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულების შეფასება − მშპ-ის 0.1%-ით − ჯამი: მშპ-ის 38.5%. ფაქტობრივი მდგომარეობით კი მთავრობის ვალის ნაშთმა 2023 წლის 31 დეკემბრისათვის მშპ-ის 39.2% შეადგინა. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება (2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით) მშპ-ის 0.1% შეადგენს, შესაბამისად ჯამურად აღნიშნული ვალდებულებები მშპ-ის 39.3%-ია.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/2023-1h0n25ooyerjz4p?live
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: