Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა - IV კვარტალი, 2017

რეალურ სექტორთან დაკავშირებით, 2017 წლის IV კვარტალში, წინასწარი შეფასებით, მშპ-ის საშუალო რეალურმა ზრდამ 4.7% შეადგინა, რაც 0.6%-ული პუნქტით აღემატება საბიუჯეტო ოფისის პროგნოზს ანალოგიური პერიოდისათვის.  ამასთან, წინასწარი შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალო რეალურმა ზრდამ 2017 წლისათვის 4.8% შეადგინა, რაც უტოლდება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზს (დეკემბერი, 2017 წ.). რაც შეეხება ინფლაციას, 2017 წლის IV კვარტალში წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელმა 6.7% შეადგინა, რაც მაღალია ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მიზნობრივ მონაცემთან (4%) შედარებით.

ფისკალური სექტორთან მიმართებაში, 2017 წლის IV კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები - 9.2%-ით, ხოლო ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელები 11.4%-ით გაიზარდა. მათ შორის, არსებითი ზრდა შეეხო როგორც კაპიტალურ(44%-ით), ისე მიმდინარე (5.8%-ით) ხარჯებს. 2017 წლის IV კვარტალის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის ნაშთი ნომინალურ გამოსახულებაში 12.6%-ით გაიზარდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით (აღნიშნული ეხება სახელმწიფო ვალს ნომინალურ გამოსახულებაში და მშპ-სთან ფარდობას, რომლის დინამიკაც გამოვლინდება ნომინალური მშპ-ს წლიური მაჩვენებლის გამოქვეყნების შემდგომ).

საგარეო სექტორის დინამიკასთან დაკავშირებით, 2017 წლის IV კვარტალში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე. კერძოდ, ექსპორტი 31%-ით, იმპორტი კი 14%-ით გაიზარდა. 2016 წლის IV კვარტალიდან აღინიშნება პოზიტიური ტენდენცია - ექსპორტის ზრდის ტემპი დადებითია და 2017 წლის IV კვარტალში, წინა წლების შესაბამის პერიოდებთან შედარებით, ექსპორტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ანალოგიურად ზრდის ტენდენციას ავლენს მთლიანი საერთაშორისო რეზერვების ოდენობა (10.3%-ით). რაც შეეხება გაცვლით კურსს, 2017 წლის IV კვარტალში ლარის კურსი (პერიოდის საშუალო) აშშ დოლარის მიმართ, წინა კვარტალთან შედარებით 6.7%-ით, ხოლო 2016 წლის IV კვარტალთან მიმართებით 3.8%-ით გაუფასურდა.

მონეტარულ სექტორთან მიმართებაში, 2017 წლის IV კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საბაზრო საპროცენტო განაკვეთები სესხებზე თითქმის უცვლელია (0.1%-ული პუნქტით შემცირდა) და 16.6%-ს შეადგენს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2017 წლის IV კვარტალში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები ზრდის, ხოლო დოლარიზაციის მაჩვენებლები როგორც სესხების, ისე დეპოზიტებისათვის შემცირების ტენდენციას ავლენს.

სოციალური და შრომის ბაზრის ინდიკატორებიდან, 2017 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულების რაოდენობა 37.9 ათასი კაცით გაიზარდა და 643.9 ათასი კაცი შეადგინა. ამასთან, 2017 წლის IV კვარტალში, წინა წლის იმავე კვარტალთან შედარებით, განათლებაზე გაწეული ხარჯები 13.6%-ით, ხოლო ჯანდაცვაზე 12.2%-ით გაიზარდა.