- რეალურ სექტორთან დაკავშირებით, 2018 წლის IV კვარტალში, წინასწარი შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალო რეალურმა ზრდამ 4.8% შეადგინა. 2018 წლის IV კვარტალში წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 1.9%-ით განისაზღვრა, რაც ნაკლებია ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მიზნობრივ მონაცემთან (3%) შედარებით.
- ფისკალური სექტორთან მიმართებაში, 2018 წლის IV კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 9.0%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ხარჯებმა და არაფინანსური აქტივების შეძენამ 18.5%-ით მოიმატა. 2018 წლის IV კვარტალის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი 9.3%-ით გაიზარდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით. კერძოდ, სახელმწიფო საშინაო ვალი გაიზარდა 13.5%-ით, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალი 8.4%-ით.
- საგარეო სექტორის დინამიკასთან დაკავშირებით, 2018 წლის IV კვარტალში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე. კერძოდ, ექსპორტი 16%-ით, იმპორტი კი 4%-ით გაიზარდა. 2016 წლის IV კვარტალიდან აღინიშნება პოზიტიური ტენდენცია - ექსპორტის ზრდის ტემპი კვლავ დადებითია და 2018 წლის IV კვარტალში, წინა წლების შესაბამის პერიოდებთან შედარებით, ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2018 წლის IV კვარტალის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 8.2%-ით გაიზარდა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ისტორიულ მაქსიმუმს - 3,290 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2018 წლის IV კვარტალში ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ, წინა კვარტალთან შედარებით 5.4%-ით, ხოლო 2017 წლის IV კვარტალთან მიმართებით 3.1%-ით გაუფასურდა.
- მონეტარულ სექტორთან მიმართებაში, 2018 წლის IV კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საბაზრო საპროცენტო განაკვეთები სესხებზე 0.3%-ული პუნქტით შემცირდა და 11.6%-ს გაუტოლდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2018 წლის IV კვარტალში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები 19%-ით გაიზარდა.
- სოციალური და შრომის ბაზრის ინდიკატორებიდან, 2018 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულების რაოდენობა 21.5 ათასი კაცით გაიზარდა და 665 ათასი კაცი შეადგინა. 2018 წლის IV კვარტალში, წინა წლის იმავე კვარტალთან შედარებით, განათლებაზე გაწეული ხარჯები 8.9%-ით შემცირდა და 311.8 მლნ ლარი შეადგინა, ჯანდაცვაზე კი 15.8%-ით მოიმატა და 359.2 მლნ ლარით განისაზღვრა.