- რეალურ სექტორთან დაკავშირებით, 2018 წლის I კვარტალში, წინასწარი შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალო რეალურმა ზრდამ 5.2% შეადგინა. 2018 წლის I კვარტალში წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 3.3%-ით განისაზღვრა, რაც მცირედით მაღალია ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მიზნობრივ მონაცემთან (3%) შედარებით.
- ფისკალურ სექტორთან მიმართებაში, 2018 წლის I კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 6.5%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ხარჯებმა და არაფინანსური აქტივების შეძენამ 9.9%-ით მოიმატა. 2018 წლის I კვარტალის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი 13.5%-ით გაიზარდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით. კერძოდ, სახელმწიფო საშინაო ვალი გაიზარდა 8.8%-ით, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალი 14.2%-ით.
- საგარეო სექტორის დინამიკასთან დაკავშირებით, 2018 წლის I კვარტალში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 23%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე. კერძოდ, ექსპორტი 28%-ით, იმპორტი კი 22%-ით გაიზარდა. 2016 წლის IV კვარტალიდან აღინიშნება პოზიტიური ტენდენცია - ექსპორტის ზრდის ტემპი კვლავ დადებითია და 2018 წლის I კვარტალში, წინა წლების შესაბამის პერიოდებთან შედარებით, ექსპორტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2018 წლის I კვარტალის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 6.6%-ით გაიზარდა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 3,019 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2018 წლის I კვარტალში ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ, წინა კვარტალთან შედარებით 4.4%-ით, ხოლო 2017 წლის I კვარტალთან მიმართებით 4.8%-ით გამყარდა.
- მონეტარულ სექტორთან მიმართებაში, 2018 წლის I კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საბაზრო საპროცენტო განაკვეთები სესხებზე 0.8%-ული პუნქტით გაიზარდა და 13.6%-ს გაუტოლდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2018 წლის I კვარტალში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები 21.1%-ით გაიზარდა. 2018 წლის I კვარტალის ბოლოს აშშ დოლარში გამოსახულმა ანაბრებმა მთლიანი ანაბრების 62.8% შეადგინა.
- სოციალური და შრომის ბაზრის ინდიკატორებიდან, 2017 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულების რაოდენობა 39.3 ათასი კაცით გაიზარდა და 660.1 ათასი კაცი შეადგინა. 2018 წლის I კვარტალში, წინა წლის იმავე კვარტალთან შედარებით, განათლებაზე გაწეული ხარჯები 6.0%-ით გაიზარდა და 270 მლნ ლარი შეადგინა, ჯანდაცვაზე კი 1.0%-ით მოიმატა და 249 მლნ ლარით განისაზღვრა.