ანგარიშგების პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ანგარიშგების პოლიტიკა სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების ეტაპებზე ეყრდნობა მის, როგორც დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციის როლს და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით (ასევე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის გათვალისწინებით) საბიუჯეტო პროცესის ფარგლებში პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის განსაზღვრულ ვალდებულებებს.
სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 136-138-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამზადებს საშუალოვადიანი პერიოდისათვის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტისა და დასაგეგმი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მიმოხილვას (I წარდგენა, გადამუშავებული ვარიანტი, საბოლოო ვარიანტი). მიმოხილვები მიზნად ისახავს წარმოადგინოს მოკლე და საშუალოვადიანი პერიოდისათვის მთავრობის მიერ წარმოდგენილი ფისკალური ჩარჩოს ანალიზი და ასევე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებული მაკრო-ფისკალური პროგნოზები.
მიმოხილვები მზადდება შემდეგ ვადებში:
- სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველი წარდგენისას(არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა) - პარლამენტის მიერ ზემოაღნიშნული დოკუმენტების ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 2 კვირის ვადაში;
- სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის წარდგენისას(არაუგვიანეს 5 ნოემბრისა) - სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტების საბიუჯეტო ოფისისათვის გადაცემიდან 3 დღის ვადაში;
- სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის წარდგენისას(არაუგვიანეს 30 ნოემბრისა) - პარლამენტის მიერ განხილვის განრიგის გათვალისწინებით.
ამავდროულად, პარლამენტის რეგლამენტის 139-ე მუხლის შესაბამისად, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამზადებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის მიმოხილვას, მიმოხილვის პარლამენტისათვის წარდგენის ვადები განისაზღვრება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის გრაფიკის შესაბამისად.
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ეტაპზე
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამზადებს:
- სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის მოკლე ყოველთვიურ მიმოხილვას, სახელმწიფო ხაზინის მიერ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ყოველთვიური მიმოხილვა მიზნად ისახავს წარმოადგინოს მხოლოდ ძირითადი ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ. მიმოხილვის მომზადება ხდება შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან (თვის დასრულებიდან 20 დღის ვადა) საშუალოდ, ოთხ სამუშაო დღეში.
- სახელმწიფო ბიუჯეტის 3, 6 და 9 თვის შესრულების მიმოხილვას, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის (ნაზარდი ჯამით) გათვალისწინებით. მიმოხილვა მიზნად ისახავს წარმოადგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის 3, 6 და 9 თვის შესრულების ანალიზი. მიმოხილვის მომზადება ხდება შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან (კვარტლის დასრულებიდან 1 თვის ვადა) საშუალოდ, რვა სამუშაო დღეში, თუმცა ვადები შესაძლებელია დაკორექტირდეს მთავრობის მიერ წარდგენილი ანგარიშის საკომიტეტო განხილვების განრიგის შესაბამისად
- საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 142-ე მუხლის შესაბამისად, ფისკალური გარემოს წლიურ მიმოხილვას. მიმოხილვა მიზნად ისახავს წარმოადგინოს საანგარიშგებო პერიოდისათვის როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ძირითადი ტენდენციები, ასევე ფისკალური გარემოს მიმოხილვა საერთაშორისო პრაქტიკით გათვალისწინებული ინდიკატორებისა და საქართველოში არსებული ფისკალური წესების გათვალისწინებით. მიმოხილვის პარლამენტისათვის წარდგენა ხდება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მიღებიდან 2 კვირის ვადაში.
ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
ფისკალური გარემოს ანალიზისა და ფისკალური მდგრადობის კუთხით ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამზადებს ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების წლიურ მიმოხილვას. მიმოხილვა მიზნად ისახავს წარმოადგინოს ძირითადი ტენდენციები აგრეგირებულად ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსებისათვის, ასევე თითოეული ავტონომიური რესპუბლიკისა და თვითმმართველი ერთეულის დონეზე ძირითადი ფისკალური ინდიკატორების დინამიკა.
დეტალური ინფორმაციისათვის პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ანგარიშების გამოქვეყნების ვადების შესახებ იხ. ბიუჯეტის ანალიზის ანგარიშგების კალენდარი 2022 წლისათვის.